გურამ ნიკოლაშვილი:  

გურამ ნიკოლაშვილი:  "ხელისუფლების შეცვლის მიზნით საპროტესტო ტალღების აგორება სენსიტიურ თემებზე განვლილი ეტაპია თანამედროვე საქართველოში"

"ხელისუფლების შეცვლის მიზნით საპროტესტო ტალღების აგორება სენსიტიურ თემებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის პოლიტიზირება, სამყაროს შავ-თეთრად წარმოჩენა და განტევების წინასწარ ცნობილი ვაცების ძიება როგორც აღმოჩნდა, განვლილი ეტაპია თანამედროვე საქართველოში" - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში"

მისი თქმით,  ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის და უნდა იყოს არჩევნები.  ამიტომაც არის, რომ მთავარ პოლიტიკურ საკითხად და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ერთადერთ საგნად საარჩევნო სისტემის საკითხი რჩება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, ოპოზიცია კი სხვადასხვა ფორმულების შეთავაზებით მაინც ითხოვს შესაბამის ცვლილებებს.  დასავლეთიდან მომავალი რეკომენდაციებიც ცალსახად შეიცავს მოწოდებებს კონსესუსის მოძებნასა და ორმხრივად მისაღები შეთანხმების მისაღებად.

"უკვე მეოთხე დღეა რაც არ ცხრება აჟიოტაჟი 15 წლის მოზარდის დაღუპვის გარემოებების ირგვლივ.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა მომხდარის შესახებ რამდენიმე განმარტება უკვე  გააკეთა, საზოგადოების ნაწილის სურვილი, იპოვნოს განტევების ვაცი ამ საქმეში,  უსაზღვროა.

რაც მთავარია, არ დარჩა საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი ფსიქოლოგი, ინტერვიუ არ მიეცა რომელიმე მედიასაშუალებისთვის.  ყველა მათგანმა ერთხმად მოუწოდა საზოგადოებას სუიციდთან დაკავშირებული თემის მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ,  მიგვითითეს დაღუპულის მიერ დატოვებული წარწერების გასლოგანებისა და გავრცელების დაუშვებლობაზე, ახსნეს ის ძირეული და კომპლექსური გარემოებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუიციდი.  ისაუბრეს გავრცელების ეფექტზეც და რაც ყველაზე სამწუხაროა, გავრცელების რეციდივი დადასტურებულად მივიღეთ კიდეც..

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერაფერი მოუხერხდა მოზარდის დაღუპვის პოლიტიზირების ვნებას.  ძალაუფლების წყურვილის ვნება საქართველოში არის ყველაზე ძლიერი და იმარჯვებს ნებისმიერ ზნეობრივ, მორალურ თუ ადამიანურ ბარიერზე.  ადამიანთა წყურვილი, მოზარდის დაღუპვაში გამოცხადდეს ცალსახად პოლიცია, უფრო სწორედ პოლიციური სისტემა, კიდევ უფრო სწორედ კი ხელისუფლება, როგორც წყარო ყველაფრისა, რაც მომხდარა, ხდება და მოხდება, არის ძალიან ზუსტი განმსაზღვრელი ჩვენი საზოგადოების მდგომარეობისა.  ტრაგედიის მიმართ ამგვარ რეაქციასა და გამოვლინებებზე ვხვდებით, რომ ვცხოვრობთ იმ გარემოსა და საზოგადოებაში, რასაც ვიმსახურებთ;   გაგვაჩნია შესაფერისი ხელისუფლებები და ოპოზიციები.

გვიან ღამით დაუდგენელმა პირმა დაუდგენელ გარემოებებში სასიკვდილოდ გაიმეტა ცოტნე გამსახურდია.  ვინც თვალი ადევნა იმ ადამიანთა შეფასებებს, რომლებმაც კომენტარი გააკეთეს სრულიად უცნობი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, გამოთქმულმა ვარაუდებმა კარგად დაადასტურა პოლიტიზების ის ვნება, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ

საბედნიეროდ ცოტნე გამსახურდია გადარჩა და მის თავდამსხმელს არ ასცდება დამსახურებული სასჯელი.  გაირკვა ისიც, რომ 15 წლის მოზარდის საქმეში სკოლამ თავად დაადგინა შენობაში შეპარული ბავშვის ვინაობა, პოლიციაც სათანადო ზომების მისაღებად გამოიძახა და დადგინდა, რომ ბავშვის დაკითხვა სრულად არ შეესაბამებოდა იმ ნორმებს, რასაც ასეთ დროს ითვალისწინებს შესაბამისი პროცედურები" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

https://www.imedi.ge/ge/video/46551/dgis-qronika--20-dekemberi-2019-tseli