ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
გუშინწინ, მოზარდის ტრაგიკული აღსასრულის დღეს, ფალიაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშანთან მომიწია დამუხრუჭება, ზედ 54-ე სკოლის წინ.. უცებ ისე მოეჭრა 14-15 წლის გოგონა გვერდითა კარებს, დაფეთებულებმა ორივემ ერთდროულად დავიწყეთ შუშის ჩაწევა.. ჩვენ სკოლელს სიმსივნე აქვსო, მისთვის ფულს ვაგროვებთო და თუ შეგიძლიათ ეს შეიძინეთო, სხაპა-სხუპით მოგვაყარა და რასაც ფოტოზე ხედავთ, ის ნივთი დაგვანახა: ნათურის ხრახნში ჩამაგრებული კიპარისის ტოტი თავისივე გირჩუნიებით და ზედაც ორი ასკილი.. მოიცა, მოიცა, არ წახვიდეო, იამ ჩაილაპარაკა, თითქოს გაქცევას ვაპირებდი, საფულე მოჩხრიკა და მუჭში ფული ჩაუდო.. გოგონამ საკუთარი ქმნილება დაგვიტოვა და სკოლისკენ გაიქცა.. მაშინღა შევამჩნიეთ ბიჭუნა, წინა მანქანასთან რომ იდგა აწითლებული სახითა და მოღიავებული ქურთუკით, ხელში ნაქსოვი ქუდი ეჭირა და მის გასაღებას ცდილობდა მანქანაში მსხდომებზე.. როცა გოგონამ გვერდით ჩაუქროლა, მუჭი გაუხსნა და ფული დაანახა, აიო, ვიშოვეო და ალბათ საერთო ყულაბში მის ჩასაგდებად გავარდა.. უცებ დავინახეთ, სკოლის ჭიშკარი მორთული იყო, მოსწავლეები კი ქუჩის გასწვრივ გამოფენილიყვნენ და ხელში ნივთები ეჭირათ, უმეტესად მოხატული მაისურები და გამვლელებს სთავაზობდნენ.. ის ბიჭუნა ძალიან მონდომებული ჩანდა, სხვები უფრო მორიდებულები იყვნენ, უჩვეულობისგან დარცხვენილები და სახეშეფაკლულები, მაგრამ იდგნენ მაინც.. ცრემლი მომერია თანატოლის სიცოცხლის გადასარჩენად თავგამოდებული გოგო-ბიჭების შემხედვარეს..
უკვე ათწლეულებია გული სიხარულით მევსება ჩვენი ცქრიალა ბავშვების შემხედვარეს, როგორი ლამაზები, ჭკვიანები, დახატულები არიან.. სულ უფრო და უფრო უკეთესები.. იზრდებიან მერე და სადღაც ქრებიან, ერთიან რუხ მასაში ითქვიფებიან.. სულ ასე იყო, კომუნისტების დროიდან.. უამრავ წარმატებას აღწევდნენ საერთაშორისო არენაზე, იუნიორთა შეჯიბრებები იქნებოდა თუ კონკურსები, მერე კი ისე უკვალოდ ქრებოდნენ, როგორც ქვიშაში ჩაკარგული წყალი..
საოცარი ნიჭი და უნარები დაგვაფერთხა ქართველებს დედაბუნებამ და ვერაფრით ვისწავლეთ მისი სათანადო გამოყენება..
ალბათ არასწორი განათლების ბრალიც არის, რომ ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდობა საბოლოოდ ქვეყნისთვის ასე საჭირო სპეციალისტებად ვერ ყალიბდება.. თუმცა პროფესიასა და სპეციალობებს რომ გავეშვათ, ვერაფრით შევქმენით განათლების ისეთი სისტემა, ჩვენ ნიჭიერ და დახატულ გოგო-ბიჭებს თანამედროვეობის ადექვატურ პიროვნებებად რომ გარდაქმნის.. არ მგონია, უცხო ქვეყნებში თუნდაც წარმატებულად ფუნქციონირებადი განათლების პროგრამების გადმოკოპირებამ რაიმე სასიკეთო შედეგები მოგვიტანოს: ჯერ ერთი ასეთი ბევრია, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული(მაგ. ფინური და იაპონური), სწორად უნდა შერჩევა, რომელი უფრო შეესაბამება ჩვენ ხასიათს და მაინც, ეროვნული თავისებურებების გაუთვალისწინებლად, ნებისმიერი პროგრამა განწირულია მარცხისათვის..
ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და რა ვიცი..
ერთი რამ ფაქტია, მოზარდებში სოლიდარობისა და თანაგრძნობის უნარების განვითარების გარეშე, წარმოუდგენელია ქვეყანაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს შექმნა და მისი სწორად განვითრება..
ჩვენ მოზარდებს უბრალოდ ადამიანობა და ადამიანად ყოფნა უნდა ვასწავლოთ, უპირველეს ყოვლისა..
" ახალგაზრდობა, იმედი ხვალის!"
მადლობა 54-ე სკოლის მთელ შემადგენლობას იმისათვის, რომ თავისიანს ეხმარება და კიდევ იმისათვის, ჩვენ რომ იმედი გვაჩუქა