არჩილ თალაკვაძე:  ჩვენი მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, რომელი პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის აქვს სხვა ინტერესები

არჩილ თალაკვაძე:  ჩვენი მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, რომელი პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის აქვს სხვა ინტერესები

ამ მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის სურს რეალურად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის მოდელი შერეულია, თუმცა განსაზღვრავს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების ბალანსს.

„მას შემდეგ, რაც ორი-სამი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შემოთავაზებებზე, რაც მათ ჰქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. ეს მოდელი ჩვენი აზრით უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონებისა და დედაქალაქის წარმომადგენლობა და პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც, შესაძლოა, „საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ცვლილება იყოს“.

„მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამ დიალოგში არიან ჩართულები. თუმცა, მათ განცხადებებს ზეწოლას არ დავარქმევდი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, ამ მოდელთან დაკავშირებით დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.