მეუფე გრიგოლი: „თვითმკვლელობა არის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი“ 

მეუფე გრიგოლი: „თვითმკვლელობა არის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი“ 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღასრულა და იქადაგა.

მეუფემ ქადაგებისას 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის მოკვლა გამოსავალი არასოდეს არ არის.

„რაღაც გვაკლია ძალიან სერიოზული და ეს ეხება როგორც ჩვენი რწმენას და სულიერ მდგომარეობას, ასევე ჩვენს საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, თუ მოვინდომებთ, ამ დიდი სიძნელეების დაძლევას. თუმცა, დღეს მთელი ქვეყანა საუბრობს კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა, მოზარდმა, რომ თავი გაწირა. რა იყო ეს? რა საქციელია ეს? ადამიანები სხვადასხვანაირად განმარტავენ ასეთ შემთხვევას. ვიღაცა ამაში გამოსავალს ხედავს, ვიღაცისთვის გმირობაა, ვიღაცისთვის სასოწარკვეთილების შედეგია, მაგრამ თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არის.

ეს არის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან. ძნელია იმის თქმა ვინ არის აქ დამნაშავე, დიახ, შეიძლება ადამიანები ეძებენ, გვარებს, სახელებს, კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ აქ ბევრია მიზეზი, კომპლექსურია ეს მიზეზი, მათ შორის სოციალური უთანასწორობა, რომელიც ამ წუთისოფელში არსებობს, როცა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი ის, რაც მას სურს, როცა ადამიანებს არა აქვთ საშუალება მიიღონ ის, რაც მათთვის აუცილებელია, ის მინინუმიც კი", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.