რეზონანსი
19.12.2019
(რეზონანსი) ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და ამით საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა.
მისივე თქმით, არსებული აქტივობებით სხვა ბავშვებსაც ეგზავნება მესიჯები, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, სკოლასა და ცხოვრებასთან მიმართებით.
„ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია," - განაცხადა თალაკვაძემ.