"მეუბნებოდნენ, ჩოლოიანი ქვეყნიდან წასულიაო, თურმე ისევ გამომძიებლად მუშაობდა" - რას ჰყვება ყოფილი პოლიტპატიმარი

15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და ამ უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ ყველა დეტალი გაირკვევა და ყველა დამნაშავე დაისჯება. თავად ბრალდებული გამომძიებელი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

გამომძიებლის ვინაობის გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ მარიანა ჩოლოიანის მისამართით სხვა ბრალდებულებსაც ჰქონიათ ადრე პრეტენზიები და წლების განმავლობაში მის დასჯას უშედეგოდ ითხოვდნენ. გამომძიებელი ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში. გოგუაძის საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

2013 წელს ნიკოლოზ გოგუაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნეს და ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, არადა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მას 12 წელი მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ დადის და ითხოვს დაზარალებულად ცნობას, დამნაშავე გამომძიებლების და პოლიციელების დასჯას, თუმცა ეს საქმე წლებია თაროზეა შემოდებული და არც ერთი დამნაშავე ძალოვანი ამ საქმეზე არ დასჯილა.

"შემიძლია ვთქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად, ხელი დააფარა და შეინახა ეს დამნაშავეები, უწყების გადმონაშთები და აგრძელებენ მუშაობას იგივე მეთოდებით. სისტემაა ასეთი ბინძური, რომელიც გადმოიბარა "ქართულმა ოცნებამ" და არ შეეცადა მის გაწმენდას. ჩოლოიანმა კარგად იცოდა რა ხდებოდა, როცა ოთახიდან გადიოდა და მერე შემოდიოდა, ან ზოგჯერ მე გამათრევდნენ და მერე ნაცემი, განადგურებული შემოვყავდით, მაგრამ ის თვალს ხუჭავდა ყველაფერზე, რადგან მიზანი მხოლოდ ერთი იყო, უნდოდა მიეღო ის ჩვენება, რაც უნდოდა.

საქმეს აყალბებდა ჩოლოიანი, დაზიანებები მარტო მთავარ სამმართველოში არ მიმიღია, ბევრ ადგილას მომიწია ყოფნა ქარელის პოლიციაშიც ვიყავი, ყველგან მცემდენ უმოწყალოდ და მისწორდებოდნენ ფიზიკურად, ბოლო გაჩერება იყო მთავარი სამმართველო, ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს, უბრალოდ, იქ კიდევ უფრო მეტი დამიმატეს, პრაქტიკულად გათიშული ვიყავი, გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი, ისევ იწყებოდა დაკითხვა. საშინელება გამოვიარე.

დადებული პირობა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, არ აღდგა. აბსოლუტურად ძველი კადრებით არის გავსებული ყველა უწყება. ინფორმაცია მქონდა, რომ მარიანა ჩოლოიანი იყო საქართველოდან წასული. ვიკითხე პროკურატურაში ახლა სად მუშაობს-მეთქი, მითხრეს, საქართველოდან წასულიაო, თურმე ტყუილი ყოფილა და აგრძელებდა სხვა განყოფილებაში მუშაობას. ასე აფარებენ ხელს დამნაშავეებს", - განაცახადა ნიკოლოზ გოგუაძემ.