ვენის ოპერაში ბავშვებს წონაში დასაკლებად სიგარეტის მოწევისკენ აქეზებდნენ

ვენის ოპერაში ბავშვებს წონაში დასაკლებად სიგარეტის მოწევისკენ აქეზებდნენ

ვენის სახელმწიფო ოპერის პედაგოგები ახალგაზრდა მოცეკვავეებს წონაში დასაკლებად თამბაქოს მოწევისკენ აქეზებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა სპეციალური კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ ბავშვებს ზედმეტად მძიმე დატვირთვასთან და სწავლების მკაცრ მეთოდებთან უწევდათ გამკლავება. კომისიის ხელმძღვანელმა სიუზან რეინდლ-კრაუსკოფვმა ვენის სახელმწიფო ოპერის დირექტორი დომინიკ მეიერი მასზე დაკისრებული მოვალეობების ცუდად შესრულებაში დაადანაშაულა.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდა მოსწავლეებს მიმართავდნენ არა სახელითა და გვარით, არამედ სახელითა და ტანსაცმლის ზომით. ექსპერტის თქმით, ახალგაზრდა მოცეკვავეები საკმარისად არ იყვნენ დაცულები დისკრიმინაციისგან, უპატივცემულობისა და ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგებისგან.