CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ. მათ შორის არიან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მალვანი და მისი მოადგილე რობ ბლერი. გარდა ამისა, შეიზღუდა წვდომა ტრამპის საუბრების სტენოგრამაზეც.

CNN-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაჟონვის საშიშროებით არის გამოწვეული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.