“იმ ხსნარის დასხმაზე ეს უფრო სამარცხვინოა…” – (ვიდეო)

“იმ ხსნარის დასხმაზე ეს უფრო სამარცხვინოა…” – (ვიდეო)

ძალიან მაინტერესებს, ამერიკელ კონგრესმენებს და ევროდეპუტატებს ნაცები როგორ აუხსნიან, რა გააკეთეს, რატომ მოასხეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყრალი სითხე? – ლელა ქებურიას და ირმა ნადირაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ! სააკაშვილის ჯიბის ტერორისტები. ” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძირაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტს, რის შემდეგაც, იქ მომუშავე ადამიანები შეუძლოდ გახდნენ.

“იმ ხსნარის დასხმაზე უფრო სამარცხვინოა ირმა ნადირაშვილის უტიფარი თავის მართლება, დამოუკიდებელი დეპუტატების აზრის გაგება მინდოდა და იმიტომ შევედი დარბაზშიო.” – წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

“ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებელი არ არის და ვინც მას ამას აბრალებს, მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. “პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე, ნამდვილად არ ვიღებ”, – თქვა ირმა ნადირშვილმა.

ირმა ნადირაშვილი განცხადებით, ის იყო როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე სხდომათა დარბაზში, რადგან “ერთი საკითხის დაზუსტება” უნდოდა, კერძოდ, მონაწილეობდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში.

ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს ლელა ქებურია.

„ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ, გამოძიებას გავცე პასუხები, ხოლო ასე საჯაროდ, უაპელაციო განმარტებებს, „ქართული ოცნებისა“ აბსოლუტურად არ ვარ ვალდებული ვუპასუხო. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ აქტს, აბსოლუტურად ვიზიარებ“, – განაცხადა ქებურიამ.

მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ერთგვარი წარმოდგენა იყო და დარბაზში სითხის დაღვრა იმის ალეგორია უნდა გამხდარიყო, რომ „სისტემა ყარს“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.

ტელეკომპანია „იმედმა” და „მაესტრომ“ კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.

ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების დაღვრის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.