ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებზე: ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებზე: ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს

 

როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

თუმცა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არც მას მოეწონა, რადგან ის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

“სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება, არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.

“ქართულ ოცნებაზე” აქ ვერ გვექნება საუბარი, საქართველოს პრეზიდენტი არ არის “ქართული ოცნების” შემადგენელი ნაწილი, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა.

განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას, თუმცა, როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გამოეხმაურა განცხადებას ინტერნეტის კონტროლთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი ინფორმაციის გაკონტროლება არ იცის, “თუმცა, ფაქტია, რომ ინტერნეტში არის აგრესიის ნიაღვარი“.