საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს დაუპირისპირდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს დაუპირისპირდა

“მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება” – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ საქართველოს „სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“.

თავდაცვის მინისტრის დემარში მთავარსარდლის წინააღმდეგ უფრო შორს მიდის. „დიდება ჩვენს სამხედროებს“ - აცხადებს მინისტრი.

“გუშინ გავეცანით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ჯართან მიმართებაში, რომელიც არის აბსოლუტურად  და კატეგორიულად მიუღებელი.  ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. აი ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება. მე არ ვიცი რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი და ალბათ საჭიროებს მისი ეს განცხადება მეტ კონკრეტიკას და განმარტებას, მაგრამ ჩემი მხრიდან როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან, მინდა შემდეგი განვაცხადო, რომ ჩვემ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენს სამხედროებს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.