oკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პროკურატურამ სოხუმის ცენტრში მომხდარი კრიმინალური ავტორიტეტების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობების საქმეზე ეჭვმიტანილ, ადგილობრივ ერიკ ჭკადუაზე ძებნა გამოაცხადა. ჭკადუა 1979 წელს ტყვარჩელში დაიაბდა, თუმცა ბოლო პერიოდში სოხუმში ცხოვრობდა.
აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ცნობით, ჭკადუას ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მასთან ერთად იძებნებიან სხვა პირებიც. არსებული ინფორმაციით, 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობაში, სულ ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა... იმ დღეს სროლებისას დაჭრილი, რესტორნის თანამშრომელი 22 წლის დომინკა აკირთავა რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოხუმში მომხდარი თავდასხმის აქტიურად განხილვას განაგრძობენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუას სახელი და გვარი ადგილობრივი საზოგადოებისთვის უცნობი არ ყოფილა. ის მიმდინარე წლის აპრილში, რეგიონში მომხდარ კიდევ ერთ დანაშაულში ფიგურირებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა სასურსათო მაღაზია "Кормилица-ს" მეპატრონის ნათესავი ომარ მირცხულავა გაიტაცა. რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ, მირცხულავამ თავს გაქცევით უშველა.
შინაპატიმრობის პარალელურად, ჭკადუა დაშაულებრივ საქმიანობას განაგრძობდა, ამიტომ ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 აგვისტოს სასამართლომ დაკისრებული სასჯელის შეუსრულებლობის გამო, მისთვის სასჯელის გამკაცრებაზე იმსჯელა. თუმცა, ჭკადუა უკვე მიმალვაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება და მის შესახებ მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი, როდესაც ე.წ. პროკურატურა გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანლად აცხადებს. ადგილობრივების თქმით, ჭკადუა შესაძლოა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აფარებდეს თავს.