კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ზოგადად, ამ კუთხით ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი, სანამ სახელმწიფო არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაიცვას არასრულწლოვნები და დანერგოს სისტემები, რომელიც სუიციდისა და უსახლკარობის პრევენციას მოახდენს“, მიიჩნევს კოტე ერისთავი.

იგი მთავარ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს, რომელმაც რეგულაციებში უნდა მოაქციოს აზარტული თამაშები. აგრეთვე ერისთავი მიიჩნევს, რომ ეს კამპანია არ არის საკმარისი და რომ, რეკლამის არსებობაც არაა მთავარი პრობლემა.

„თუ ამგვარი ინიციატივები ჩაანაცვლებს სახელმწიფოს მიერ მისაღებ ზომებს და გაამართლებს მის პასიურობას, მაშინ ასეთი პროექტები სართოდ ვერ იქნება პოზიტიურ ჭრილში განსახილველი“,- განაცხადა კოტე ერისთავმა.

ცნობისთვის, კომპანია „ევროპაბეთი“ ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. ეს არის „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.