ანდრია ჯაღმაიძე: დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო

ანდრია ჯაღმაიძე: დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო

დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, ამიტომ რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერის დააკავების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დაკავებული სასულიერო პირი საქართველოში არ მსახურობდა.

„რადგანაც დაკავებული ადამიანი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, ამიტომ რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს. ზოგადად ასეთ დანაშაულზე ზომებია მისაღები, დანაშაული რეალურად მძიმე მდგომარეობაა. ძალიან სამწუხაროა როდესაც სასულიერო პირს ან ბერს ასეთი რამ შეემთხვევა. ამ შემთხვევაში ეპარქიის მმართველი ან ეკლესიის წინამძღვარი გარკვეულ ზომებს იღებს. ამ შემთხვევაში როდესაც ის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში არ იყო, ჩვენ ვერ მივიღებთ ზომებს. ეს ადამიანი ცხოვრობს მონასტერში ათონზე. რაც 2017 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, ის სახლში ცხოვრობდა, არც მონასტერში და არც რომელიმე ტაძარში არ მსახურობდა.

გავრცელდა ფოტოები, რომ ის მეუფე გერასიმესთან ერთად მსახურებაზე დგას. ამან გამოიწვია კითხვები, ხომ არ იყოს საქართველოს იურისდიქციაში მსახური. გეტყვით, რომ ნებისმიერი დელეგაცია სხვა ეკლესიიდან რომელიც სხვა ეკლესიას ესტუმრება, თუ არ არის რაიმე აკრძალვა, მათ შეუძლიათ დადგნენ და ემსახურონ, თუ იქნება ადგილობრივი მღვდელმსახურის თანხმობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ ეპარქიის, ან იმ ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში მსახურობენ ისინი", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, თუ სახელმწიფო ჩათვლის საჭიროდ, შემოწმდნენ სასულიერო პირები ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, წინააღმდეგი არ იქნება.

„მე ამ ინიციატივით ვერ გამოვალ უნდა შემოწმდეს თუ არა სასულიერო პირი. თუ საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო ან რომელიმე უწყება, რა უჭირს, თუ შემოწმდება. მე ვფიქრობ, რომ ისე უნდა ცხოვრობდეს სასულიერო პირი რომ ეჭვებს არ იწვევდეს და არ იყოს საჭირო შემოწმება, თუ მიიჩნევს სახელმწიფო, რომ აუცილებელია შემოწმება, რატომ უნდა გავექცეთ ამას", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.