დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს

დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოქვეყნდა.

დოკუმენტი დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა მოამზადა. ესენია: დაზვერვის, ზედამხედველობისა და საგარეო საქმეთა კომიტეტები.

დოკუმენტს საფუძლად უდევს 17 მოწმის ჩვენება, რომელიც ტრამპის იმიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ 2 თვის განმავლობაში შეგროვდა.

როგორც ანგარიშში წერია, ტრამპი ცდილობდა უკრაინა ეიძულებინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დამხმარებოდა. მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ თეთრი სახლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვდა არჩევნებში თავისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. აგრეთვე ჩატარებულიყო გამოძიება იმ თეორიაზე, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევენში არა რუსეთი, არამედ უკრაინა ჩაერია.

ამის სანაცვლოდ ტრამპი კიევში ვიზიტით ჩავიდოდა და უკრაინას სამხედო დახმარებას გამოუყოფდა. „პრეზიდენტის ქმედებებმა ზიანი მიაყენა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, მომავალი არჩევნების სანდოობას და დაარღვია საპრეზიდენტო ფიცი"- ნათქვამია სამი კომიტეტის განცხადებაში, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა წარმომადგენელთა პალატასთან თანამშრომლობაზე. მან „კეტეგორიულად აუკრძალა“ თეთრ სახლს, ფედერალურ უწყებებსა და მაღალჩინოსნებს ჩვენების მიცემა და აუცილებელი დოკუმენტების მიწოდება.

თეთრმა სახლმა და რესპუბლიკელებმა ტრამპის წინააღმდეგ ბრალდება უარყვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის, სტეფანი გრიშემის განცხადებით, ეს მოხსენება „ბლოგერის ბოდვად ითვლება, რომელიც ცდილობს რამე დაამტკიცოს, როცა არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს“.

ამ ანგარიშს წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს გადასცემენ. დამტკიცების შემთხვევაში, მას წარმომადგენელთა პალატა სრული შემადგენლობით განიხილავს. თუ ქვედა პალატაში ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებას მხარს უმრავლესობა დაუჭერს, მას ზედა პალატას ანუ სენატს გადასცემენ. იქ კი პროცესი ფაქტობრივად სასამართლო პროცესში გადაიზრდება, სადაც წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები მბრალმდებლები იქნებიან, სენატის წევრები კი ნაფიცი მსაჯულის წევრები.

იმისთვის რომ ტრამპის იმპიჩმენტი მოხდეს, ამ პროცედურას მხარი სენატორთა არანაკლებ ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა.