ლევან კობერიძე:

ლევან კობერიძე: "მერაბიშვლი გამოვა, სააკაშვილი მოადგება საზღვარს და ჩაატარეთ არჩევნები თქვენ და ენმ-ამ"

"მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატარეთ თქვენ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მოსახლეობას დაუტოვეთ არჩევანი, რომ თქვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გააკეთოს არჩევანი?! ასე იქნება და ეს, თქვენ მოგწონთ" - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კობერიძის შეფასებით, დღეს არსებული ვითარება მმართველი გუნდისთვის მომგებიანია და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მართავს ქვეყანას.

გარდა ამისა, როგორც კობერიძემ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს.

"თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის მერე გამოსულიყვნენ და საზოგადოება დამოძღვრონ. შეიძლება თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს. დღეს თქვენი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყნის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი იმიტომ, რომ თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" იმ ორ პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვს ერთმანეთთან, რომ ასე მართონ ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც "ქართული ოცნება" აღარ უნდა და არც "ნაციონალური მოძრაობა?" იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. "ნაციონალურ მოძრაობას" გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.- განაცხადა კობერიძემ.