საპარლამენტო პროცესი და დემოკრატიზაცია ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და არ იარსებებს, ვიდრე„ქართული ოცნება" არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, რომელშიც თვითონ შეიყვანეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოწოდებასთან დაკავშირებით.
ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნება" არ ასრულებს თავის მთავარ დაპირებას.
„ოცნება" ამბობს, რომ აღარ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე და აღარ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, „ქართული ოცნება" ატყუებს საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, უცხოელ პარტნიორებს, „ქართული ოცნება" აიგნორებს ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, „ქართული ოცნება" იყენებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას ადამიანების წინააღმდეგ და ამის შემდეგ, უცებ პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ იცით რა, საპარლამენტო პროცესია, დემოკრატიაა და შემობრუნდით პარლამენტში. ასე არ ხდება, ჩემო კარგებო. არანაირი საპარლამენტო პროცესი და დემოკრატია არ არსებობს ქვეყანაში, სადაც მმართველი ძალა ატყუებს საზოგადოებას", - განაცხადა დეპუტატმა.
დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება" არ ჰგავს.
„დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა პატივცემული თალაკვაძის გაღიმებულ, კეთილ სურვილებს. ჯერ კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების" მხრიდან არის სპეცრაზმი, ძალა, უგულებელყოფა და საუბარი იმაზე, რომ თემა დახურულია და არათუ 2020-ში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არამედ თურმე პლებისციტს ჩაგვიტარებენ, რომ 2024-შიც კი პროპორციული გაგვიუქმონ. ამ ნაბიჯების ფონზე რა პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენია, ან რა დემოკრატია, ან რა საპარლამენტო დებატი წარმოუდგენია. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში „ქართულმა ოცნებამ" გადაიტანა.
ოპოზიცია პარლამენტის ბიუროსა და პლენარულ სხდომებს არ ესწრება. ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას დღეს ბიუროს სხდომაზე მოუწოდა, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდნენ.
დღესვე პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ კი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.