მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია: წინ წამოვიდნენ ქალები, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილის ახალი სტრატეგია: წინ წამოვიდნენ ქალები, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა

„ახლა აქციებზე უფრო მეტი ხალხი დგას, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს“ – მიხეილ სააკაშვილი

„ამაყი ვარ ჩვენი ხალხით, ამაყი ვარ ჩვენი ახალგაზრდობით, ვამაყობ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციური დიდი გაერთიანება შედგა და ხალხმა გამოიღვიძა“ – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი „მთავარის“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა, აქციებზე უფრო მეტი დგას, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს გარდამავალ ეტაპზე იყო.

„ის ან უახლოეს დროში არჩევნებით, ან არჩევნების გარეშე წავა. ძალიან კონკრეტულად კალაძის პირით შემოგვითვალა, რომ თემა დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედროებისთვის, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის პერსპექტივები დახურულია. ჩვენ საქართველოში უნდა დავხუროთ ივანიშვილის კანტორა, ან ის თავად დახურავს და დააბოქლომებს საქართველოს.

ახლა, ხალხი აქციებზე მეტია, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ საშუალო ეტაპზე იყო. თანაც, საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ემიგრაციაშია. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული მობილიზაცია. ემიგრანტებმა უკვე თანხის შეგროვება დაიწყეს, რომლებიც მომიტინგეებს ეხმარებიან. გადამწყვეტ მომენტში, იმედია, ბევრი მათგანი საქართველოში ჩავა. ყველაფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს მომენტი გასაშვები არ არის.

არ შეიძლება ივანიშვილის კეთილი ნების იმედად ვიყოთ. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ორგანიზებული, მშვიდები და ამავე დროს, უკომპრომისოები, ყველაფერი გამოვა. ჩვენ უნდა ვუთხრათ პოლიციელებს, რომ მათ საფლავებში არ უნდა ჩაყვნენ, შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის პოლიციაც კი, გადმოვიდა ხალხის მხარეს. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ამაყი ქართველები“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა გვარამიას კითხვას, „გირჩის“ ინიციატივაზე – ძალოვან სტრუქტურებში ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დაინიშნონ ხელმძღვანელებლად, რას ფიქრობს სააკაშვილი, მან უპასუხა, რომ ოპოზიციის გაერთიანება შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდები და ოპოზიციური გაერთიანების საინტერესო მხარდამჭერები წინ წამოვიდნენ.

„ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უფრო დიდმა გაერთიანებამ, ვიდრე ერთმა კონკრეტულმა პარტიამ. ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა იმისთვის, რომ ერთი პარტია არ მოვიდეს ხელისუფლებაში და ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში. წინ წამოვიდნენ ქალები, ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა, მარიამ გეგუჩიძე, მარიამ რიგვავა, მაკო გომური – ეს ხალხია წინ წამოსაწევი. წარსულის ფანტომებით ხალხს არ უნდა ვაშინებდეთ. მე ვეთანხმები ზურა ჯაფარიძეს, რომელმაც თქვა, ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა ის მოვიდესო. ეს პრეცედენტი უნდა შეიქმნას. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე ჩემი ხალხის უსაზღვრო რწმენა მაქვს. საქართველოს ის დიდი ძალა მფარველობს, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“ – განაცხადა ექსპრეზიდენტმა