გივი თარგამაძის და რუსი ოპოზიციონერების ურთიერთობა ისევ განხილვის საგანია. რუსმა ოპოზიციონერმა ლეონიდ რაზვოზჟაევმა გამომძიებლებს 3 300 დოლარი გადასცა, რომელიც კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით გივი თარგამაძისგან მიიღო. "ლენტა.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აღიარებით ჩვენებაში, რომელიც რაზვოზჟაევმა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, საკუთარი ნებით მისცა. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი აცხადებს, რაზვოზჟაევმა 10-გვერდიანი ჩვენება დაწერა. ჩვენების უკანასკნელ გვერდზე მოთხრობილია, როგორ მოხვდა რაზვოზჟაევი რუსეთში. ლეონიდ რაზვოზჟაევს, კონსტანტინე ლებედევსა და სერგეი უდალცოვს რუსეთში მასობრივი არეულობის მზადებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში, არეულობის დაფინანსებასთან დაკავშირებით გივი თარგამაძესთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ. რაზვოზჟაევი და ლებედევი დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან, უდალცოვი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.