ირაკლი შიოლაშვილი:

ირაკლი შიოლაშვილი: "როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას"

როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატემა ირაკლი შიოლაშვილმა დღეს ბოდბისხევში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. შიოლაშვილმა ეს განცხადება „ქართული ოცნების" ოფისთან, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან არ დააკონკრეტა თუ რაზე იყო საუბარი.

შიოლაშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილებმა, ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.

„დღეს ოპოზიციის ნაწილი ჩასული იყო ბაზარში. მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მით უფრო რაიონებში, ერთმანეთის მეგობრები, ნათესავები, ბაზარში მყიდველიცაა, გამყიდველიც და როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, აქვე წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას. მათ შორის, შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად როგორც ჩვენი მომხრეები, ასევე ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილები, ესაა ბუნებრივი პროცესი. ვნახე კადრები, სადაც იყო გარკვეული დაპირისპირება. ჩემი თხოვნა იქნება და მოწოდება, როგორც პირადად მე, პარლამენტის ერთ-ერთ წევრი არ ვაკეთებ პერსონალურ შეურაცხმყოფელ განცხადებას არც ერთი ჩემი ოპონენტის მიმართ, ასევე უნდა მოიქცეს ყველა ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს. მინდა, რომ მომავალში პოლიტიკა იყოს სუფთა. გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და არ დავუჭირეთ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რეგიონებში ჩასვლები ხომ აქედან არის გამოწვეული?! ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებაზე, რომ კანონპროექტს დავუჭირო მხარი, ან არ დავუჭირო, ვიღაც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს ამაზე ზეწოლას. პროტესტის გამოხატვაც ღირსეულად შეიძლება. ასე რომ, ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფა არ მივაყენოთ", - განაცხადა შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს წნორში, ბოდბისხევის ბაზართან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ ალეკო ელისაშვილისა და სამოქალაქო მოძრაობის კამპანიის - "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" ფარგლებში აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტებსა და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.