ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე არ განუხილავთ „გირჩის“ ინიციატივა

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე არ განუხილავთ „გირჩის“ ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე არ განუხილავთ „გირჩის“ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალოვან უწყებებს არ ჩაიბარებენ.

მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია და საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„ჯერ ერთი საკონსულტაციო ფორმატი, რომელიც აქაა შექმნილი, გულისხმობს შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს საკითხი არაა დღის წესრიგში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შედგება კონსულტაციები. ყველაფერი შესაძლებელია. ამჟამინდელი ხელისუფლების სტრატეგიაა და მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის მხოლოდ ძალოვან უწყების მინისტრებად მათი გუნდის წევრის არსებობა და ხელისუფლებად არ მიაჩნით მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა.შ. რაციონალიზმისგან დაცლილი ეს შემოთავაზება არაა. სერიოზული განხილვა არ ყოფილა და საჭიროების შემთხვევაში მოხდება განხილვა“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება პრეზიდეტის განცხადებას, რომ დისკუსია პარლამენტში უნდა გადავიდეს, მელიამ აღნიშნა, რომ იმ ადამიანის განცხადებები, ვისაც მოსახლეობის 70% არ ენდობა, უინტერესოა და მას სერიოზულად ვერ აღიქვამს.

“ეს კიდე ცალკე უბედურებაა. ქვეყნის მოსახლეობის 70% არ ენდობა პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ადამიანს, რომელსაც ნდობა არ აქვს, ვფიქრობ, უინტერესოც კი ხდება მისი განცხადებები. ასევე, 60% არ ენდობა სასამართლო სისტემას. სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია ნდობის თვალსაზრისით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ. ლეგიტიმაციისგანაა დაცლილი მთელი “ქართული იცნების” განცხადებები”,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ხვალინდელი აქცის შემდეგ მოხდება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სხდომის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

„როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და გავეშურებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც ჩატარდება აქცია და აქციის შემდეგ იწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მივიდნენ დილით და ჩაატარონ სხდომა და მე ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამდე, სანამ ივანიშვილი არ წამოვა დათმობაზე. ივანიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის პოლიტიკურად გაბანკროტებული. მას არ აქვს ნდობა აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც გარეთ და მნიშვნელოვანია, წნეხი გაძლიერდეს მის რეჟიმზე”,- განაცხადა მელიამ.