საფრანგეთის შს მინისტრი: „ვიქნებით ძალიან მკაცრი“ - ვის მისცემენ თავშესაფარს საფრანგეთში

საფრანგეთის შს მინისტრი: „ვიქნებით ძალიან მკაცრი“ - ვის მისცემენ თავშესაფარს საფრანგეთში

„საფრანგეთში მიმდინარე წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, ეს იყო ანომალია“,-  ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ მათ განცხადებებიც გააკეთეს.

„მიმდინარე წლის პირველ თვეში, საფრანგეთში საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან, უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისი ინფორმაციით, ქართველების 97%-ზე, რომლებმაც საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვეს, თანხმობა არ გაიცა.

„ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში. გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა, აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით 50 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე“,- განაცხადა კასტანერმა.

მისი შეფასებით,  თანამშრომლობა მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც.

„ჩვენ მივესალმებით სამი ქართველი სამართალდამცველის ყოფნას პარიზში, რომლებსაც კიდევ დაემატებათ ორი მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც ჩვენს სამსახურებთან ერთად იმუშავებენ“,- აღნიშნა საფრანგეთის შს მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის პოზიციაა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება საფრთხის ქვეშ არ დადგება.

„მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს, დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია“,  – აღნიშნა კრისტოფ კასტანერმა.

მისივე შეფასებით, თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გაიზარდა საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა.

„მე მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრი და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.

აქვე, მინდა, მივესალმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართულობას და ძალისხმევას“,-  აღნიშნა საფრანგეთის კრისტოფ კასტანერმა.