ზარდიაშვილი: იმ განცხადებიდან, რაც გამოაქვეყნეთ, მხოლოდ ერთი რამ გავიგე - ყველას იმდენი მანდატი შეხვდება, რამდენიც თქვენ გაგიხარდებათ!

ზარდიაშვილი: იმ განცხადებიდან, რაც გამოაქვეყნეთ, მხოლოდ ერთი რამ გავიგე - ყველას იმდენი მანდატი შეხვდება, რამდენიც თქვენ გაგიხარდებათ!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილისოციალურ ქსელში წერს:

მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, ანუ ეს ჩვენი ცოდვით სავსე არასამთავრობოებიც მატყუარა პოლიტიკოსებივით გვიმტკიცებენ - გერმანული მოდელი ისე შეიძლება შევცვალოთ, რომ ჩვენს კონსტიტუციასთან არ მოვიდეს წინააღმდეგობაშიო!

ამ დროს იტყვიან ხოლმე - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო!

დალოცვილებო, თუკი გინდათ, რომ პარტიის მიერ ჯამურად მიღებული მანდატების რაოდენობა პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდეს, არითმეტიკის კანონებს ვერსად გაექცევით და მაშინ, კონსტიტუცია უნდა დაარღვიოთ. აბა დაფიქრდით, თუ მხოლოდ 77 მანდატი და არა 150-ივე მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდება, მაშინ,მაჟორიტარული არჩევნების შედეგებით, თუ იქაც მანდატების პარტიებს შორის განაწილება პროპორციულისას შემთხვევით არ დაემთხვა, ჯამში ნებისმიერი პარტია იმაზე მეტ, ან პირიქით - ნაკლებ მანდატს მოიპოვებს, რასაც მოიპოვებდა 150-ივე მანდატი პროპორციულად რომ განაწილებულიყო! თუ გინდათ, რომ მანდატების საერთო რაოდენობა და არა მხოლოდ 77 მანდატი პროპორციულობის პრინციპით განაწილდეს და თან კონსტიტუციაც დაიცვათ, მაშინ, არითმეტიკის კანონები უნდა შეცვალოთ და დაადგინოთ, რომ ორჯერ ორი ოთხი კი არ არის, არამედ ზოგჯერ სამია და ზოგჯერ ხუთი!

კონკრეტულად გვითხარით - ხუთია თუ სამი ორჯერ ორი და იქნება დაგიჯეროთ კიდეც! თორემ ყველაფერს ამბობთ ამ განცხადებაში, გარდა მთავარისა - როგორ ნაწილდება მანდატები "თქვენებურად გერმანულ" ვარიანტში?!

მაგალითად, თუ "ოცნებამ", ისევე, როგორც წინა არჩევნებში მოიპოვა ყველა 73-ივე მაჟორიტარული მანდატი და პროპორციულ არჩევნებში ისევ ხმების 49% მიიღო, მთლიანად რამდენი მანდატი ერგება მას?

იმ განცხადებიდან, რაც გამოაქვეყნეთ, მხოლოდ ერთი რამ გავიგე - ყველას იმდენი მანდატი შეხვდება, რამდენიც თქვენ გაგიხარდებათ! სხვა რაიმე პასუხი მანდატების განაწილების პრინციპებზე არანაირად არ იკითხება თქვენს განცხადებაში, ხოლო მელას კუდად რომ მუშაობთ, ეგ ისედაც დიდი ხანია ვიცით!