ჰო, თითი თითზე არ დამიკარებია... ცეცხლზე ნავთს ასხამთ - უსუფაშვილმა

ჰო, თითი თითზე არ დამიკარებია... ცეცხლზე ნავთს ასხამთ - უსუფაშვილმა "ოცნებას" დოკუმენტი აუფრიალა

„კალაძე გამოვიდა და თქვა, თურმე მე პირადად, თითი თითზე არ დამიკარებია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. მართალია, თითი თითზე არ დამიკარებია. იმიტომ, რომ თითებში ხან კალამი მეჭირა, ხან კომპიუტერი, რომ აი ეს დოკუმენტი, საკოსტიტუციო ცვლილებების შესახებ, შექმნილიყო.

აგერ არის "ქართული ოცნებისადმი“ გაგზავნილი ფაილი თხოვნით, გვითხარით, მხარს უჭერთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს. რა პასუხი გამოგზავნეს? - არაფერი! იმიტომ, რომ მათ მაშინვე არ უნდოდათ ცვლილებები“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ბრალდებებს.

უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება წარსულის ახლა გახსენებით და ტყუილი ბრალდებებით, ცდილობს სიტუაცია ჩიხში შეიყვანოს. ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მერე თავად გადამრჩენლის ფუნქცია შეითავსონ და 2020 წლის არჩევნები ისევ არსებული, შერეული მოდელით ჩაატარონ.

„მივმართავ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, არავითარ შემთხვევაში არ წამოვეგოთ ხელისუფლების ხაფანგზე და არ მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. რას ეუბნებით ხალხის სამართლიან აღშფოთებას? გინდათ სიტუაციის პოლარიზება, რომ ქვეყნის გადამრჩენლებლად გამოხვიდეთ? ესაა ქვეყანაზე ზრუნვა? გამოსავალი თუ გინდათ, აგერ გთავაზობთ გერმანულ მოდელს. 76 ხმა სჭირდება მიღებას, 113-ის ნაცვლად. თუ ივანიშვილი ვეღარ აკონტროლებს თავის უმრავლესობას?!

ჰო, მიშა მირეკავდა და ამიტომ ვთავაზობ ამათ გამოსავალს. სიტუაციის დამშვიდების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამენ“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, უმოქმედობაში დაადანაშაულა. კალაძის განცხადებით  უსუფაშვილს საკონსტიტუციო რეფორმების განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია.

"2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით უსუფაშვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“, - განაცხადა კალაძემ.