Procol Harum-ის ერთი შესანიშნავი ნაწარმოების ირგვლივ

Procol Harum-ის ერთი შესანიშნავი ნაწარმოების ირგვლივ

როკ მუსიკა, მით უმეტეს გარიჟრაჟზე, ახალგაზრდა - ზოგჯერ მეამბოხე ადამიანების მუსიკად მიიჩნეოდა. მართალიცაა, მაგრამ არის გამონაკლისები, რომელთა გაელვებაც დღემდე გაკვირვებას იწვევს, მით უმეტეს, რომ სიმღერები მასობრივად ეყიდებოდათ და ჩარტებშიც უმაღლეს ადგილებს იკავებდნენ.

როგორ ხდებოდა, რომ Jethro Tull ყველაზე „კონცეპტუალური“ ალბომებით განაგებდა ამერიკის ჰიტ პარადებს? რატომ იყო, რომ Melody Maker-მა 1969 წელს მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფთა ხუთეულში Beatles-თან, Rolling Stones-თან და Led Zeppelin-თან ერთად, Genesis და Jethro Tull შეიყვანა და ა.შ.

მრავალი შეკითხვაა, რომელზედაც პასუხი თითქოს არ არსებობს და აზრიც არ აქვს ბევრ ფიქრს, რადგან დროის ტყუილად კარგვას, ჯობს ისევ მუსიკის მოსმენა და დასკვნების (რაღა თქმა უნდა სუბიექტური და ცვალებადი) თავად გამოტანა.

ერთი კია, რომ მეტიუ ფიშერის ჰამონდითა და გარი ბრუკერის პროგრესივ ვოკალით გაჯერებულმა სიმღერამ Whiter Shade Of Pale პირველი ადგილი თვით ინგლისურ ჩარტებში დაიკავა, სადაც 1967 წელს როკ’ნ’როლის საწყისებზე აწყობილი მუსიკა დომინირებდა. სიმღერამ ანალოგიურ წარმატებას კანადასა და ავსტრალიაში მიაღწია და ამერიკის შეერთებულ შტატებში „მხოლოდ“ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

სწორედ ამ სიმღერაში ჰქონდა დებიუტი პიროვნებას, რომელიც Procol Harum-ს დღევანდლამდე სიმღერების ტექსტების ავტორად მოჰყვება - ჯგუფს, რომელსაც არსებობის მანძილზე, გამოხატულად „თინნეიჯერული“ სიმღერა არც შეუქმნია. მაინც ვინ ყიდულობდა  Whiter Shade Of Pale-ს. ნუთუ იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის მოყვარული უფროსი თაობა? ალბათ არა, უბრალოდ მაშინდელი საზოგადოება დღევანდელისაგან განსხვავებით, მართლა ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მრავალი ადამიანი - მოზარდიცა და ზრდასრულიც, დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა და გემოვნებაზე დავობდა...

კიტ რიდი ალბომ Broken Barricades-ის თითოეული სიმღერის ტექსტის ავტორადაც იქცა, იმ სიმღერისაც, რომელშიც გიტარისტი (და ამ შემთხვევაში მომღერალიც) ჯიმი ჰენდრიქსთან შეხვედრას ნატრობს...

თუმცა, მოდით თავიდან დავიწყოთ და Procol Harum-ის 1971 წლის საოცრად მოხდენილი ალბომის მოსმენას შევუდგეთ. Simple Sister გარი ბრუკერის შედევრია, რომელიც კოლექტივის დღევანდელ კონცერტებსაც ამშვენებს. როიალის წარმმართველ როლს შესანიშნავად უბამს მხარს რობინ ტრაუერის სულში ჩამწვდომი სოლო, ხოლო ბრუკერის კლავიშები საბოლოოდ ფსიქოდელიურ ელფერს ღებულობენ და მსმენელსაც იმ ეპოქაში აბრუნებენ, რომლის გამცნობი წინა საუკუნეების მრავალი კლასიკოსი კომპოზიტორი გაოგნებული დარჩებოდა, შეიცნობდა რა საკუთარი ნააზრევის მომავალი განვითარების გზას. Simple Sister -ის ფინალური ნაწილი, ხომ მეტიუ ფიშერის ჰამონდის ფონზე, სიმფონიური ორკესტრის ნოტებითაცაა გაჯერებული.

Broken Barricades ნამდვილი - კონსერვატიული ინგლისია, თითქოს მარშივით, მაგრამ იმავდროულად ოდნავ მოწყენილი, რადგან ალბათ უფრო ლონდონის წვიმიანი ამინდის  ფერებშია გადაწყვეტილი.

მესამე სიმღერიდან კი ალბომი უცნაურად იცვლება. გაივლის წლები და ჯგუფის დღევანდელი გიტარისტი ჯორჯ უაიტჰორნი დანანებით იტყვის, რომ Deep Purple-თან ერთად ჯემ სეიშენზე დაკვრისას, ამ სიმღერას საზოგადოება ერთხმად შეეგება ოვაციებითა და Smoke On The Water-ის ძახილით… სინამდვილეში კი Memorial Drive გიტარისტ რობინ ტრაუერის მიერ ზემოთქმულ შედევრს გარკვეული პერიოდით წინ უსწრებს და აქედან გამომდინარე გარკვეულ ეჭვსაც კი ჰბადებს  Smoke On The Water -ის სიზმრიდან გამომდინარე თვითმყოფადობის შესახებ. თუმცა ჯერ სად ვართ. მთავარი სიურპრიზი კიდევ წინაა...

მომდევნო Luskus Delph ოდნავ მოწყენილია, მაგრამ გარი ბრუკერის ხელწერიდან გამომდინარე, ტრადიციულად სიღრმისეული. ალბომის მეორე გვერდი Power Failure-თი იხსნება, რომელიც ძალზედ მოულოდნელად დრამ სოლოს ფონზე ვითარდება და საბოლოოდ ეპოქალურ Song For A Dreamer-ში გადადის.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ალბომის კიდევ ერთი „საკვირველი“ კომპოზიცია, რომელიც ჯიმი ჰენდრიქსს ეძღვნება, კვლავაც გიტარისტ რობინ ტრაუერის შექმნილია, სადაც იგი თავად ასრულებს, უფრო სწორად „ალივლივებს“ ჰენდრიქსისეულ გიტარაზე ვოკალს. ხასიათით Song For A Dreamer უპირველეს ყოვლისა ჯიმის Electric Lady Land -დან 1983...(A Merman I Should Turn To Be)-ის გაფრენებს მოგვაგონებს. ბედის ირონიით, რობინ ტრაუერს ჯიმის გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე, მასთან ერთად სცენაზე დაუკრავს. გიტარის სულიერი მამის ამ ქვეყნიდან გასვლით შეძრწუნებულს კი ზემოთნახსენები  Song For A Dreamer შეუქმნია.

Playmate Of The Mouth გარი ბრუკერს ეკუთვნის, თუმც იგრძნობა რევერანსები რობინ ტრაუერის მისამართით. გიტარისტმა მიუხედავად ამისა, ალბომის გამოსვლის შემდეგ, მაინც დატოვა გარი ბრუკერის კოლექტივი, თუმცა იქამდე, Broken Barricades მის მიერ შექმნილმა კიდევ ერთმა საკვირველმა სიმღერამ დააბოლოვა.

Poor Mohammed-ის  ტექსტის ავტორი, რა თქმა უნდა კიტ რიდია და აქ რობინ ტრაუერი მღერის, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ჩრდილში მოხვედრილი და თითქოს ალბომის კონცეპციიდან ამოვარდნილი სიმღერა, რომელიც მისი ავტორისთვისაც მაინცდამაინც დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, ჯიმი პეიჯისათვის Physical Graffity-ში ერთდროულად სამი სიმღერის შთაგონების წყაროდ ქცეულა და ამაში დასარწმუნებლად პირველ - „ქაშმირის“ დისკზე შორს წასვლა არ დაგვჭირდება.

საწყისი ნოტებიდანვე პარალელს In My Time Of Dying-თან ვავლებთ, რიტმული მონახაზი აუცილებლად Trampled Underfoot-ს გაგვახსენებს, ხოლო გიტარ სოლო კი ხასიათით რობერტ პლანტის Custard Pie-ში ჰარმონიკისას მოგვაგონებს...

აი ასეთი უცნაური გამოვიდა ალბომი Broken Barricades, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ლიდერებს - გარი ბრუკერსა და რობინ ტრაუერს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა, ძალიან ლამაზად შეიკრა 8 სიმღერით, რომელთა მოსმენასაც სულ რაღაც 32 წუთი სჭირდება. როგორც ვთქვით, მისი გამოსვლის შემდეგ, რობონ ტრაუერმა დატოვა ჯგუფი და დღემდე ნაყოფიერ და წარმატებულ სოლო შემოქმედებას ეწევა. Grand Hotel გარი ბრუკერმა უკვე მისი და  მეტიუ ფიშერის გარეშე ჩაწერა...

ასევე რობინ ტრაუერის გარეშე მოხდა Procol Harum-ის შესანიშნავი დაბრუნება 2003 წელს The Well’s On Fire ალბომით. კიტ რიდი კვლავაც რომანტიზმით აღსავსე, ზოგჯერ  უტოპისტი  მწერალია. იგი ისევე მარტივად გადმოცემს აზრებს, როგორც  Procol Harum -ის მუსიკაა მსმენელისათვის ადვილად აღსაქმელი. ერთი კია, რომ გამხსნელი კომპოზიციის An Old English Dream-ის პრობლემატიკა  არამარტო ინგლისს მიეკუთვნება, არამედ ზოგადსაკაცობრიოა და მსგავსი ტექსტი მხოლოდ როკ მუსიკის სფეროში შეიძლებოდა რომ შექმნილიყო.