ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ დუმილს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არღვევს. შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპრალი სულხან კაპანაძე 2010 წელს იხსენებს და სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ საუბრობს.ძმები სულხან და ავთანდილ კაპანაძეები შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში იმყოფებოდნენ. სულხან კაპანაძის მიერ დასმული ერთი შეკითხვის გამო, რომელიც ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან გათავისუფლებას ეხებოდა, იგი ნაწილიდან წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობაში მოანწილეობას მე-4 ბრიგადის მეთაური შამათავაც იღებდა. სულხან კაპანაძემ ორი კვირა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში დაბრუნდა. როგორც ყოფილი კაპრალი ამბობს, იგი აიძულეს, პატაკი დაეწერა და კონტრაქტი გაეწყვიტა, რის გამოც 36 ათასი ლარით დააჯარიმეს.იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა სულხან კაპანაძის ძმა ავთანდილ კაპანაძე. სამხედრო ნაწილიდან ძმის გაუჩინარების შემდეგ მას უთხრეს, რომ კაპრალი მესამე სართულიდან გადახტა და ჰოსპიტალშიც იმიტომ იყო მოთავსებული, თუმცა ძმის სანახავად წასვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კი მასაც პატაკის დაწერა და კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია, რის გამო ასევე 35 ათასი ლარით დააჯარიმეს. ძმებმა ინტერვიუ ინფო-9-ს მისცეს.