სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები დაესწრნენ.
„კონფერენცია მდიდარი შინაარსისა და ახალი ინფორმაციის შემცველია. ძალიან საინტერესო მომხსენებლები არიან წარმოდგენილნი ღონისძიებაზე. აღსანიშნავია კრებული, რომელიც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა და შალვა ამირანაშვილის მოღვაწეობას, მის კვლევებსა და პუბლიკაციებს ეხება. საინტერესო გამომსვლელები არიან - პროფესორები, სტუდენტები. საყურადღებო მოხსენებებია, რომელიც, შესაძლოა, მათი შემგდომი კვლევისა და ინტერესის ობიექტი გახდეს,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, „შალვა ამირანაშვილის სახელთან არის დაკავშირებული, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სკოლის შექმნა, ასევე, ინსტიტუციის - ხელოვნების მუზეეუმის განვითარება. ამასთან, მან ძალიან რთულ პირობებში შეძლო შეენარჩუნებინა ქართული ეროვნული იდეა.“
საიუბილეოდ დაიბეჭდა შალვა ამირანაშვილის მიერ ათწლეულების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების კრებული „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში, ხოლო დაიბეჭდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.
„შალვა ამირანაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში. მან ჩამოაყალიბა ხელოვნებათმცოდნეობის სკოლა, რომელიც დღესაც დიდი წარმატებით მუშაობს,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, „თავისი მოღვაწეობით იგი შეიძლება გავუტოლოთ ექვთიმე თაყაიშვილს, რადგან შალვა ამირანაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სიძველეების დაცვაში, შეკრებაში და საქართველოში დაბრუნებაში.“
„კონფერენციაზე წარმოდგენილია მოხსენებების ფართო სპექტრი - უძველესი დროიდან დაწყებული თანამედროვე ხელოვნების ჩათვლით. მასში მონაწილეობენ თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები,“- განაცხადა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზაზა სხირტლაძემ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. კონფერენცია 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასრულდება.