რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. მესამე საერთაშორისო ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან მუშაობას ეხება და მიზნად ისახავს შთაგონებას, ცოდნის გადაცემას, ახალი ხალხის გაცნობასა და კოლაბორაციას.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ძალიან საამაყოა, რომ ასეთი რანგის ღონისძიება ტარდება ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში და სამი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ამ უზარმაზარ შეკრებას. სპიკერები გვყავს წარმატებული საერთაშოპრისო კომპანიებიდან: გუგლიდან, მაიკოროფტიდან, ფეისბუქიდან,“- განაცხადა თსუ რექტორმა.
წელს DataFest-ს ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე ესწრება მსოფლიოს 24 ქვეყნიდან. DataFest-ს თანაორგანიზატორის, FortSet –ის წარმომადგენლის ლალი ცერცვაძის თქმით, წელს, ღონისძიების მასშტაბი მონაწილეთა რაოდენობის გამო გაორმაგებულია: „ციფრულ ეპოქაში ყველა პროფესიის ადამიანს უწევს მონაცემებთან შეხება და მათთან გამკლავება. ამდენად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება, რათა გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ გამოცდილება და სხვა მასშტაბურ პროექტებზე იმუშაონ,“- აღნიშნავს ლალი ცერცვაძე.
ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერის და საერთაშორისო ორგანიზაციის Digital communication Network-ის პრეზიდენტის, არტურ გურაუს თქმით, ღონისძიება აერთიანებს : ჟურნალისტებს, სოციოლოგებს, ბიზნესისა და მარკეტინგის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ მონაცემებზე: „საზოგადოების განვითარებისთვის DataFest-ის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალი მონაწილეებისთვის არის ინსპირაციის წყარო და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება. DataFest ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, მათ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს“.
2019 წლის დატაფესტის ძირითადი თემებია: ამბის თხრობა მონაცემებით, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech), მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის, მონაცემები და კიბერუსაფრთხოება, ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის, მონაცემთა სტარტაპები, მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში, მონაცემები გონიერი ქალაქებისთვის (Smart cities).