“სულ წყალში ჩაეყარა ნაცოდვილარი! ესეც დამთავრდა…”

“სულ წყალში ჩაეყარა ნაცოდვილარი! ესეც დამთავრდა…”

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები” შედგა, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “ფეისბუქის”პირად გვერდზე წერს:

“წუხანდელი ინტერვიუს მერე “ნაცები” გაემიჯნენ პეტრე ცაავას, როგორ თქვა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და გახარია მსხვერპლიო… აქედან “ოცნებამ” “ნაცია” პეტკა ცაავაო, ხოდა ბოლოს გამოვიდა, რომ ერმაც და ბერმაც უარყო პეტკა! სულ წყალში ჩაეყარა ნაცოდვილარი! ესეც დამთავრდა, ესეც გაივლის” – წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში, პოსტი კომენტარში კი დასძინა: – “ეპარქიაც დაკრგა,დიდებაც ფუფუნებაც და ნაც.ქოცებიც”

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე  “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, ებრძვის თუ არა ივანიშვილი ეკლესიას.

“მე ვერ ვიტყვი, რომ ებრძვის, მაგრამ მას აქვს რიგი დაბრკოლებები. ადამიანმა, რომელმაც სამების ტაძარი ააშენა, სამების ტაძრის კურთხევაზე არ მოსულა. შეხვედრა რომ გვქონდა, ვკითხე: თქვენ იცოდით, როცა გადაწყდა კურთხევის დღე-მეთქი?  – არა, ჩემთვის არ შეუთანხმებიათო…

ხუმრობით ვუთხარი, ჩრდილოვანი მმართველობა თქვენი ექსკლუზივი არ არის, საპატრიარქომ მოგვცა მაგალითი-მეთქი. ყველაფრის მაგალითს ეკლესია იძლევა. აი, რომ ვადარებ საპატრიარქოს მმართველობას და საეკლესიო ხელისუფლებას, ბევრად უფრო მძიმე ხარისხის ინტრიგები, დაბრკოლება და უკანონობაა, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლების კარზე, რაც ჩვენ გვყოლია”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილის როლი ქველმოქმედებაში.

კითხვაზე, რუსეთის გავლენის აგენტად მიგაჩნია თუ არა ივანიშვილი, რადგან დეჩრდილოეთიზაცია ახსენა, პეტრე ცაავა უპასუხა:

“ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ, აქ პრინციპული დამოკიდებულებაა საჭირო. მე როგორც ვიცი, თვითონ ფიქრობს ლავირებას”

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი  ე.წ. ციანიდის საქმის შემოქმედი არ ყოფილა.

“ციანიდის საქმის სცენარი საპატრიარქოს ეკუთვნოდა. იყო შიდა დაპირისპირება, როდესაც მეუფე იაკობი გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქის წინააღდმეგ რაღაც ბრძოლაა დაწყებული და სიძეობა არ არის იმუნიტეტი. ეს იყო შიდა სკანდალი, ინტრიგები…”

გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ პოზიციონირება შეახსენა. პეტრე ცაავამ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ოთარ დანელიას მარტვილის მაჟორიტარის არჩევნებში მხარი დაუჭირა როგორც პიროვნებას და არა პარტიულ აქტორს.

“დანელია ჩემთვის იყო ზეპარტიული ადამიანი, ის იყო ექს-მინისტრი, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული. სოფლის მეორნეობის  საკითხებში ხშირად ვიკვეთებოდით. როდესაც ის გადადგა მინისტრობიდან და კენჭი იყარა მარტვილში, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მომხრე. არჩევნები ცოდვა-მადლის გარჩევის სასწორია… ხე ნაყოფით შეიცნობა. აი, აბაშაში ძალიან წარმატებული, პროგრესული ახალგაზრდა კაცი აირჩიეს და აბაშა ისეთივე წარმატებულია, როგორც სიღნაღი წინა ხელისუფლების დროს. მარტვილში ისევ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი უსინდისოდ, მე დამსაჯა და ადგილობრივ მმართველობაში დატოვა ისეთი ადამიანი, რომელიც სირცხვილი იყო მარტვილის რეალობაში”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ზუგდიდის მერის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით, სადაც ის ჭყონდიდის მიტროპოლიტსაც შეხვდა, რაზეც პეტრე ცაავა ამბობს, რომ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სპეკულაციისთვის მისი ფაქტორის გამოყენება არ მომხდარა.

“ზუგდიდი არ იყო ჩემი ეპარქია. არჩევნებზე არ გვისაუბრია. მარტვილში სტუმრობა არანაირ კავშირში არ არის ამასთან… მანამდეც შევხვდით და ეს იყო მორიგი ვიზიტი. მე თვითონ მოვიწვიე, რომ ეპარქია ენახა… ზოგადად მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. ციანიდის საქმეზე მან თქვა, როგორც ვიცი, საპატრიარქო იშუამდგომლებს პრეზიდენტთან და გადაწყვეტილია, რომ მამაოს გამოუშვებენო. ერთი, რაც ვთხოვე და რასაც შემპირდა: მივეცი ახლად გამოცემული წიგნის “დავით აღმაშენებელი მახვილი მესიისა” რამდენიმე ეგზემპლარი და ვთხოვე, რომ წაეკითხა კარგად და მთავრობის წევრებისთვის დაერიგებინა. აქეთ შევიპირე, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელებს დაასახელებდა” – განაცხადა მან.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ივანიშვილისადმი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება და არ იცის, რას ფიქრობს სინამდვილეში.

ამასთან პეტრე ცაავამ 20-21 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა.  ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაშინდელი შს მინისტრი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსხვერპლია, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

“მე მიმაჩნია, რომ ის არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს. მე მიმაჩნია, იმ ძალების მსხვერპლია, ვინც 20-21 ივნისი გამოიყენა”, – განაცხადა პეტრემ ცაავამ “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.

ნიკა გვარამია დაინტერესდა გიორგი გახარიას და პეტრე ცაავას შეხვედრითაც. მისი ცნობით, შეხვედრა 20 ივნისის მოვლენებამდე შედგა და საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, მარიხუანის საკითხს.

“არ არსებობს შემთხვევა, რომ რომელიმე პირს საერო ხელისუფლებიდან მოსვლა უნდოდეს და უარი ვუთხრა. ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, ეს იყო მარიხუანას საკითხი”.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პეტრე ცაავა მწვავედ გააკრიტიკეს.