ანრი ოხანაშვილი თინა ბოკუჩავას: რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო

ანრი ოხანაშვილი თინა ბოკუჩავას: რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ჰკითხა, მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებს დაუსვამდა თუ შესვენება გამოეცხადებინათ და „რომან გოცირიძის მიერ შალვა თადუმაძესთან წაგებული ხინკალი“ დაეგემოვნებინათ:

„ქალბატონო თინა, გნებავთ, თქვენ დაიწყეთ, ბატონი რომანი არ არის. რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო და გარეთ ყველას გეპატიჟებათ. გნებავთ, ისარგებლოთ ფრაქციის დროით თუ შესვენება გამოვაცხადოთ?!“ – იკითხა ანრი ოხანაშვილმა, რაზე ბოკუჩავამ ასე უპასუხა:

„ბატონო ანრი, იუმორი რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის? რატომ ცდილობთ, რომ მუდმივად გამომიყვანოთ ბატონი რომანის დამცველის როლში?! ჯერ დისციპლინარული ლექციები წაუკითხეთ და ვნახეთ, რომ თქვენი – უმრავლესობის წევრები არ დადიან თქვენივე კომიტეტის განხილვებზე. ახლა იძახით, წააგოო. სინამდვილეში იცით, რომ მოიგო და ახლა ყველას გეპატიჟებათ, მათ შორის, ჟურნალისტებს და თქვენც, ბატონო ანრი“

თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, – ასეთი წარწერა ჰქონდა ყუთებს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის თანაკურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

საქართველოს პარლამენტში დღეს, 8 ნოემბერს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ბოლო,  რიგით მეოცე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.