აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

​აშშ-მა სიაში შეიყვანა ხუთი ვენესუელელი მაღალჩინოსანი და სამხედრო, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევებში და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა ნათქვამი.

სანქციები შეეხო ფლოტის ადმირალს, ვენესუელის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ოპერატიული მეთაურობის უფროსს რემიჯიო სებალიოს იჩასოს, თავდაცვის ეროვნული საბჭოს გენერალურ მდივანს ხოსე ადელინო ორნელას ფერეირას, ეროვნული საკონსტიტუციო ასამბლეის დეპუტატ პედრო მიგელ კარენო ესკობარს, დაზვერვის მაღალჩინოსანს კარლოს ალბერტო კალდერონ ჩირინოსს და ეროვნული გვარდიის მაიორს ნესტორ ნეპტალი ბლაკო ურტადოს.

აშშ-მ მიმდინარე წელს დეფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიმართ სანქციები გაამკაცრა. აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.