ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. კონგრესის თემააა; საქართველო კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ კონტექსტში (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და არის კავკასიოლოგიის ცენტრი მთელ კავკასიაში. წლების განმავლობაში თსუ-ში იყო კავკასიოლოგიის სკოლა, რომელმაც კავკასიოლოგების მთელი პლეადა აღზარდა. ენათმეცნიერებასთან, ისტორიის საკითხებთან და ზოგადად, მეცნიერების განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო თემა განიხილება კონგრესზე,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ პროფესორის, კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის ცირა ბარამიძის ინფორმაციით, კონგრესის წინაშე 172 მომხსენებელი წარსდგება. „კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს სამი წლის მანძილზე მეცნიერებაში მიღწეულ სიახლეებს. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესს საქართველო მასპინძლობს. პირველი კავკასიოლოგიის სკოლა სწორედ ამ კედლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით,“ - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.
კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.
„კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. კონგრესზე ჩვენ ვმსჯელობთ კავკასიის ერთიანობაზე, საერთო კულტურულ სივრცეზე, ენობრივ საკითხებზე,“ - განაცხადა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნანა მაჭავარიანმა.
კონგრესი რეგულარულად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თსუ-ა. კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერი კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან, მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში.