გიორგი გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდას 6 თვით შეაფერხებს

გიორგი გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდას 6 თვით შეაფერხებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ ზრდას 6 თვით შეაფერხებს. საუბარია რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პოზიციაა „მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“.

„ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება. ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.