მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს

მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ მხადრამჭერ აქტს “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს ჩვენი რეგიონების ოკუპაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაღვევის შემთხვევებს, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს და გულისხმობს უმკაცრესი სანქციების დაწესებას ყველაზე, ვინც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაში.

ასევე, კანონპროექტით კონგრესი სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს კონსულტაციებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც იქნება უდიდესი ნაბიჯი გადადგმული საქართველოში სიღარიბის დაძლევისკენ.

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე. მხარდამჭერი აქტი კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს, ამ ორივე გამოწვევის დაძლევის გზაზე.

ეს ინიციატივა ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას! დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს!” – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.