ოკუპაციის თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი და ღალატის ტოლფასი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ დიალოგი იყოს ის უალტერნატივო გზა, რაც საბოლოოდ ეროვნული ინტერესებიდან და დეოკუპაციის მიზნებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
„ოკუპაცია აუცილებლად დამთავრდება, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ამაში მნიშვნელოვან როლს ჩვენ ქვეყანასთან,ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ. დანარჩენი, ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ მთავარ საკითხზე, რომ ეს არის თემა, რომელშიც პოლიტიკური სპეკულაცია არის დაუშვებელი. ეს არის თემა, რომელზეც არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური კამპანიაა ააგო, თუნდაც ხელისუფლების და ოპოზიციის დასაზიანებლად, არავის დასაზიანებლად არ უნდა გამოვიყენოთ ეს თემა. ოკუპაციის თემაზე სპეკულაცია არის მიუღებელი და ღალატის ტოლფასი, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, დეოკუპაციის მიზნებს და ოკუპაციის დასრულების მიზანს, რომელსაც ქართველი ხალხი შეუქცევადად მიჰყვება", - განაცხადა მდინარაძემ.