მედია: ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს

მედია: ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს

ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ვერ გაიტანს. ამის შესახებ ევროკავშირში, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, გადავადება „მოქნილი“ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას თებერვლამდეც შეძლებს, თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს.

მათივე თქმით, თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც კანონპროექტი არ დამტკიცდება ან პარლამენტი კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას გადაწყვეტს, ევროკავშირის ქვეყნები ვადას 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებენ.

20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა 19 ოქტომბერს თემთა პალატამ Brexit-ის გადავადებას დაუჭირა მხარი.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Bრეხიტ-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.