„სენაკის მაჟორიტარობას ვაპირებდი, 7000-ზე მეტი ხმა ავიღე“ - მეუფე პეტრეს პოლიტიკური წარსული

„სენაკის მაჟორიტარობას ვაპირებდი, 7000-ზე მეტი ხმა ავიღე“ - მეუფე პეტრეს პოლიტიკური წარსული

„მიწიერ ბოროტებად მე არ ვთვლი პოლიტიკას, მე მიმაჩნია, რომ ეს ის ბინძური პოლიტიკოსების და ძლიერთა ამა ქვეყნის ყალბი ფსიქოლოგიაა იმისათვის, რომ პატიოსან ადამიანებს დაუხშონ კარები. ამ ფილოსოფიას არ ვიზიარებ" - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) newpost tv-ის გადაცეში - „ინტერვიუ ვანიჩკასთან" განაცხადა.

ჟურნალისტმა მეუფე პეტრეს ცხოვრების ის პერიოდი გაახსენა, როდესაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი, აქტიური პოლიტიკისთვის ემზადებოდა და დეპუტატობისთვის იყრიდა კენჭს.

„მე როდესაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეს იყო ავადსახსენებელი 1994 წელი. სენაკის მაჟორიტარობას ვაპირებდი, ოღონდ უპარტიოდ, დამოუკიდევბელი კანდიდატი ვიყავი. როდესაც შევხედე რა შეიძლება ამ ბედკრულ წლებში ერთმა რიგითმა მოქალაქემ გააკეთოს, თუნდაც ჩემი რეგიონის, სენაკის მასშტაბით, სწორედ ამან გადამაწყვეტინა კენჭი მეყარა და შევსულიყავი პარლამენტში და იქიდან მებრძოლა ჩემი კუთხისათვის. რამდენად შევძლებდი და ღმერთი შემაძლებინებდა ჩემი სამშობლოსათვის ამას ეს უკვე სხვა საკითხია.

შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ეს ნება ღვთისა, ვიცოდი, რომ ჩემს სინდისს და ჩემს გულს, რა გულითაც მე ეს მინდოდა ამ ყველაფერს ხედავდა უფალი. ბავშვობიდან დიდი ეკლესიური არ ვიყავი, ბებია-ბაბუისგან მქონდა ჩანერგილი იმ დონის სარწმუნოება, რომ ღმერთი არის სასწაული.

როგორც მახსოვს 7000 მეტი ხმა ავიღე, მაგრამ არ იყო საკმარისი. ეს ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ მე დამეწყო შემდეგ ძიება და შემდეგ დავიწყე ბიბილის კითხვა. უნდა ვაღიარო 25 წლის ასაკში წავიკითხე ბიბლია პირველად", - ამბობს ინტერვიუში მეუფე პეტრე.