ირაკლი სესიაშვილი: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევა

ირაკლი სესიაშვილი: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა და მისი მიზანი საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევა

,,რუსეთის პირდაპირი ინტერესი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის სამხედრო ბაზები, რაც არის ნატოს გაფართოების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი.

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ე.წ. ბორდერიზაცია კრემლისთვის არ წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზომას. თუმცა პოლიტიკურ ნაწილში ეს პროცესი ძალიან მგრძნობიარეა საქართველოსთვის. ის დაიწყო 2008 წლის ომის შემდგომ, გრძელდება დღემდე. თუმცა, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ კრემლს სურს მავთულხლართები გააბას, ამას 5-6 თვეში დაასრულებს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ 11 წელია ხან ერთ ადგილზე ჩასვამენ ბოძს, ხან მეორეზე. მაგალითად ატოცში 2018 წლის ნოემბერში ჩასვეს ბოძები, რასაც ჩვენი მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ახლა გაავლეს რკინის ბადე. შესაბამისად ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა, რადგან ცხადია, რომ სამხედრო ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ მავთულხლართებს არანაირი კავშირი არ აქვთ კრემლის პირდაპირ ინტერესთან. მათი მიზანი პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა", ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა.