სკანდალი კონსერვატორიაში:  მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

სკანდალი კონსერვატორიაში:  მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი. რექტორობის სურვილს ოთხი კანდიდატი გამოთქვამს: ნანა შარიქაძე, ნინო ჟვანია, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე. 

კონსერვატორიის თვითმართველობის ყოფილი პრეზიდენტი, კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე აცხადებს, რომ სასწავლებელი წლებია მანანა დოიჯაშვილის კლანის მიერ იმართება. დოიჯაშვილი ამჟამად რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ჩაჩანიძის ინფორმაციით, აქტიურად ლობირებს საკუთარ პროტეჟეს რეაქტორის თანამდებობაზე.  ჩაჩანიძე ირწმუნება, რომ დოიჯაშვილი 19 წელია თანამშრომლების დაშანტაჟებით და მათზე ზეგავლენის მოხდენით ცდილობს პროცესების მართვას.

სიმონ ჩაჩანიძე, კონსერვატორიის მაგისტრანტი:

-ეს არის კლანური მმართველობის და მახინჯი სისტემის გამოვლინება, რომელსაც აქვს მარადიულობის განცდა. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში, საკუთარი გავლენების შენარჩუნების მიზნით.

-რას გულისხმობთ კლანურ მმართველობაში?

-გადახედეთ მანანა დოიჯაშვილის კონსერვატორიასთან ურთიერთობის პირველ წლებს და ნახეთ, რომელი წელია ახლა? ეს ადამიანი 11 წელი თავად იყო რეაქტორი, 8 წელი გახლავთ პრორექტორი. ახლა მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გაყვანით ცდილობს დარჩეს სადავეებთან მომდევნო ოთხი, ან რვა წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩემში ბუნებრივად გაჩნდა პროტესტი და კითხვა - როდემდე შეიძლება?!

-ვინ არიან ადამიანები, ვისაც ქალბატონი მანანას კლანში მოიაზრებთ?

-მაგ საკითხზე, თუ ჩავთვლი საჭიროდ საუბარს, მე თვითონ ვილაპარაკებ ღიად. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ახლა ვისაუბრო ამ საკითხზე, თანაც სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში, მით უმეტეს, ვერ ვხედავ ვინ დგახართ მეორე მხარეს.

- კი ბატონო... თქვენი ნებაა.

-მე არ ვიბრძვი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, მე ვიცავ სიმართლეს. მერწმუნეთ ჩემს აზრს ბევრი იზიარებს, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. მანანა დოიჯაშვილის მმართველობის სიმახინჯეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველას მისი შიში აქვს. ვინც ხმას ამოიღებს, დასჯიან სხვადასხვა გზით. 19 წელია ეს ქალი ზის. ამჟამად ის გახლავთ პრორექტორი, კათედრის გამგე, სრული პროფესორი, დიდი და პატარა დარბაზების სამხატვრო ხელმძღვანელი, ამ პოზიციებზე მისი ნებართვის გარეშე ცხადია, არაფერი ხდება. მის სუბიექტურ შეხედულებებზეა დამოკიდებული სტუდენტების, და არამხოლოდ სტუდენტების, ხვალინდელი დღე. მაღალია აკლბათობა, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეექმნას პრობლემები, რაც არაერთხელ მომხდარა კონსერვატორიაში. 

ჩვენ სიმონ ჩაჩანიძის ბრალდებებზე კომენტარის ჩასაწერად მანანა დოიჯაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისი სურვილის შემთხვევაში, „პრაიმტაიმი“ დოიჯაშვილის ინტერვიუს ასევე უცვლელად შემოგთავაზებთ.