გახარია: ,,ვდგამთ ნაბიჯებს რომ მოქალაქეებმა თავიანთ მიწაზე მშვიდად ცხოვრება განაგრძონ

გახარია: ,,ვდგამთ ნაბიჯებს რომ მოქალაქეებმა თავიანთ მიწაზე მშვიდად ცხოვრება განაგრძონ"

პრემიერმინისტრმა ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმა დღეს გორში განუცხადა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა.

„ბორდერიზაციის პროცესი რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს და ეს უფლება იყოს დაცული. დღეს, სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წყნარად, მშვიდად განაგრძონ თავის მიწაზე ცხოვრება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა კომენტარი რამდენიმე საათის წინათაც გააკეთა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. შს მინისტრმა გომელაურიმა კი თქვა, რომ ატოცში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.