პლენარულ სხდომაზე დღეს აკაკი ზოიძემ ზურაბ ჭიაბერაშვილი პოპულიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ნებაყოფლობით ფორმაზე დაფუძნებული ძირითადი საპენსიო სქემა არ არსებობს. ნებაყოფლობითი მხოლოდ შემავსებელი და დამატებითი სქემებია. ,,ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული სქემები არ მუშაობენ, ის რასაც თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას არის ელემენტალური პოპულიზმი. პოპულიზმია თქვენი განცხადება მდიდარი პარლამენტარების და ღარიბი ახალგაზრდების თაობაზე, პოპულიზმია განცხადება იმის თაობაზე, რომ ოდესმე თქვენ ფიქრობდით იმაზე რომ საპენსიო უზრუნველყოფა გაგეკეთებინათ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი სქემებით, რომლითაც დღევანდელ დღეს იქნებოდა არა ის ორასი ლარი და არა ის პრობლემატური თემა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არამედ ექნებოდათ ის პენსია, რომლითაც ადამიანები ელემენტალურ საჭიროებებს დაიკმაყოფილებდნენ. თავის დროზე არ გააკეთეთ და ახლა ცდილობთ, ჩვენ შეგვიშალოთ ხელი იმის გაკეთებაში, რაც ამ ადამიანებისთვის ღირსეულ მომავალს უზრუნველყოფს.'' - განაცხადა აკაკი ზოიძემ.