გურამიშვილის გამზირზე, სადაც დილით აფეთქება მოხდა, „თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, აფეთქება კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟებამ გამოიწვია.
“მინდა მივმართო მოსახლეობას, ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის შემოწმების მიერ, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიშია აღნიშნული წყალგამაცხელებელი“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
მისივე განმარტებით, „თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ ატარებს გეგმიურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება.
„ამასთან ერთად, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ნებისმიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და მოითხოვს „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე და მოითხოვს შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში არსებული გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება აღნიშნულში შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა აღნიშნული გაზდანადგარი. მოგეხსენებათ, შემთხვევების 99% ხდება დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში და ყველა მოქალაქეს გვინდა, მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის ან გირაობის შემთხვევაში, გაქვთ უფლება მოსთხოვოთ ბინის მფლობელს „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, – განაცხადა მიქიაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.