კახეთის საინფორაციო ცენტრი შორენა ხანგოშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს. ამ დრომდე უცნობი იყო, რატომ დააპატიმრეს სინამდვილეში ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად როდი სკოტის ფონდის პედაგოგი შორენა ხანგოშვილი. ის იხსენებს, როგორ გაიტაცეს შსს--ს თანამშრომლებმა დაპატიმრებამდე 4 თვით ადრე და რა ინფორმაციას ითხოვდნენ მისგან. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანგოშვილი 2011 წლის 16 სექტემბერს, ახმეტაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის პანკისიდან ახმეტაში საზღვარგარეთის პასპორტის ასაღებად იყო ჩასული. ოფიციალური ინფორმაციით, ჟურნალისტს ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება. დანაშაული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მას დაპატიმრება 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. შორენა ხანგოშვილი მისი გატაცების და უკანონოდ დაპატიმრების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას ის უახლოეს დღეებში მიმართავს.