სხვა პირებთან ერთად ქონებას ბიძინა ივანიშვილსაც უბრუნებენ. მის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია ის 80 მილიონი ლარი, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის დააჯარიმა. ინფორმაცია თანხის დაბრუნების შესახებ უკვე დაადასტურა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული თანხა არ გახარჯულა და ის ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ივანიშვილს უკან დაუბრუნდა. განცხადებაში განმარტებულია თანხის დაბრუნების მიზეზებიც - ბიუროს თავმჯდომარემ, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო, გააუქმა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო ღონისძიება და ბრძანება გამოსცა 80 მილიონის დაბრუნების თაობაზე. აღსრულების ბიუროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანხის ამგვარად დაბრუნებას "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 პრიმა მუხლი ითვალისწინებს.