შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

2019 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა იმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი არის წარმოდგენილი.

ღონისძიებას გახსნეს IOTA-ს აღმასრულებელმა მდივანმა ფრანტიშეკ იმრეცამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს IOTA-ს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგადასახადო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრის, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბიზნესის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

გამოფენა მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემქმნელებს, კერძო ბიზნესისა თუ საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებმაც განავითარეს ციფრული გადაწყვეტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულების შესრულების გაადვილება, თაღლითობების პრევენცია, მომხმარებლისათვის მარტივად გამოსაყენებელი ელექტრონული სერვისები, მონაცემთა დიდი ბაზის ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინები და რობოტული პროცესების ავტომატიზაცია.

ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდება გამოფენილ პროდუქტებს შორის ყველაზე მოწონებული, საგადასახადო კანონმორჩილების მიმართულებით შექმნილი ციფრული გადაწყვეტა, ხოლო, ერთ-ერთ სესიაზე გამოვლენილი პროდუქტის წარმომდგენს, მიეცემა შეთავაზება გააკეთოს პროდუქტის ტექნიკური დემონსტრაცია დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

კონფერენციის ნაწილში, დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ცხრა სესია, რომელიც დაეთმობა ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს, დებატებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო სესიებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან პრაქტიკულ გადაწყვეტებთან, რაც უკავშირდება ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელებას, რეალურ დროში ანგარიშგებას, მაღალი ფისკალური რისკის მქონე საქონლის მოძრაობის მონიტორინგს, ელექტრონულ საგადასახადო პორტალებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.