ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, განცხადებებით მიმართონ

ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, განცხადებებით მიმართონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე მათი საკითხის განხილვა მოხდეს.

მისივე თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ბინების განაწილების მეორე ფაზა 15 ოქტომბრიდან, რომელიც დასრულდება 31 ოქტომბერს. შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება წლის ბოლოს. მინდა, მივმართო ყველა დევნილ ოჯახს, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს მათი საკითხის განხილვა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც ბინების განაწილების დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილი ოჯახებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, სამი მოცემულ მომენტში არის დაკმაყოფილებული, ოთხ ოჯახთან მიმართებაში მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. შესაბამისად, ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველა ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში. კრიტერიუმები შემუშავებულია საერთაშორისო და შიდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ძირითადად მორგებულია თითოეული ოჯახის სოციალური ფონის შესაბამისად – რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შეწონილი ქულა, რომელიც განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს სჭირდება უფრო მეტად, ვისთვის უფრო პრიორიტეტულია საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ კომისიის დაწყებამდე, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც ვისაუბრე და ზოგადად, ჩვენს ხელთ არსებულ კანონმდებლობაშია გაწერილი. მინდა, ისიც დავადასტურო, რომ არის რამოდენიმე ოჯახი, რომელსაც მისამართიც კი არ გააჩნიათ თბილისში. შესაბამისად, მათ ვერ გადავცემთ ბინას. წელსვე გორის, ხაშურის, ქუთაისის და სხვა რეგიონის მისამართით უნდა გავანაწილოთ ბინები და შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და ბინების განაწილებაში მიეღოთ მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათ განცხადებით ჯერ არ მოუმართავთ. ასევე, მათ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ სხვა პროექტებში მონაწილეობა, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარება, სოფლად სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მუშაობს დღეს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.