“ჩემი შეფასება უადგილოა, რადგან ეს სუფთა სამართლებრივი საკითხია” – შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისს დაზარალებულების სტატუსზე

“ჩემი შეფასება უადგილოა, რადგან ეს სუფთა სამართლებრივი საკითხია” – შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისს დაზარალებულების სტატუსზე

შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ თუ არა დაზარალებულის სტატუსი, ეს სამართლებრივი საკითხია. ამიტომ თავად საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ მისი შეფასება მოცემულ შემთხვევაში “უადგილოა”.

“ჩემი ფიქრი თუ შეფასება აქ, ჩემი აზრით, უადგილოა. იმიტომ, რომ ეს სუფთა სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივი საკითხის ინტერპრეტირებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქმეს პროკურატურა აწარმოებს და შესაბამისად, გამოძიებაც იქ მიმდინარეობს.

„ამას, რა თქმა უნდა, მორალური მხარე აქვს. ასევე, აქვს სამართლებრივი მხარე. კარგად გვესმის აბსოლუტურად საზოგადოების წუხილი ამასთან დაკავშირებით და ამ ადამიანების მდგომარეობა. როგორც იცით, საქმეს აწარმოებს პროკურატურა. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, ანუ იქ მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, არის გარკვეული პროცედურული საკითხები, იგივე ექსპერტიზები, რომლის პასუხებსაც ელოდებიან და შემდეგ ამ საკითხის მოგვარება აუცილებლად მოხდება. ეს არის, რისი თქმაც ჩვენი მხრიდან შეგვიძლია. იმიტომ, რომ ამ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავს და აქციის 4 მონაწილეს მიენიჭა.