ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებზე დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, დეტროიტელი არტისტის, “soulful” ტექნოს შემქმნელის კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს.
თსუ-ში სწავლის დაწყება მიულოცა საღამოზე მისულ სტუდენტებს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. „ძალიან მაგარი ღონისძიებაა. სპეციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 5 ათასამდე პირველკურსელისთვის საღამო წაიყვანა ძალიან ცნობილმა არტისტმა კერი ლარკინმა. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ყველა პირველკურსელს დაამახსოვრდება“- განაცხადა თსუ რეტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„დღევანდელი საღამო გამორჩეულია, რადგან საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად სტუმრად გვყავს თავის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული და აღიარებული კენი ლარკინი. ვეცადეთ, რომ პირველკურსელებისთვის მოგვეწყო განსაკუთრებული საღამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი,“- აღნიშნა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.
ცნობილი არტისტის ელექტრონულ მუსიკაზე თსუ-ს 8 ათასამდე სტუდენტი გაერთო. „არაჩვეულებრივი სიტუაციაა, შესანიშნავი მუსიკაა. გადაღლილი აბიტურიენტებისთვის ეს არის მშვენიერი განტვირთვა,“- განაცხადა თსუ პირველკურსელმა სტუდენტმა ვერიკო ტატიშვილმა. სტუდენტ გოგა ხიმშიაშვილის თქმით, თსუ-მ მისი მოლოდინი გაამართლა: „უნივერსიტეტში სწავლა დავიწყეთ და ასეთი დახვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ.“
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ „TSU Welcome Party 2019”-ს, რომელიც აქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, თავად კენი ლარკინი გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე და მას გასაოცარი საღამო უწოდა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 5 ათასამდე პირველკურსელი შეემატა. თსუ 7 ფაკულტეტის 200-ზე მეტ პროგრამაზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.