პირველად საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი იხსნება. ამასთან დაკავშირებით უნგრული ცენტრის წარმომადგენელმა არპად ელეშმა სტუდენტებს უნგრულის შესწავლის სპეციფიკა და უპირატესობა გააცნო. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოადგილის ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, შეხვედრამ აჩვენა, რომ სტუდენტებს უნგრული ენისა და კულტურის შესწავლის დიდი სურვილი აქვთ. „აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს უნგრული ენის საბაზისო დონეზე შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ საგრანტო პროგრამებში. დღევანდელ შეხვედრაზე უნგრული ცენტრის წარმომადგენელმა სტუდენტებს უნგრეთის კულტურასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მათ უნგრეთში სწავლის სურვილს გაუღვივებს,“ - აღნიშნა რექტორის მოადგილემ.
უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსი თსუ უწყვეტი განათლების ბაზაზე ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. „უნგრული ენა ისეთივე რთულია, როგორც ქართული. აღნიშნული კურსი ენას საბაზისო დონეზე ასწავლის. გარდა ამისა, სტუდენტები ინფორმაციას მიიღებენ უნგრული ლიტერატურის, კულტურისა და თანამედროვე უნგრული ხელოვნების შესახებ,“ - განაცხადა უნგრული ცენტრის წარმომადგენელმა არპად ელეშმა.
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ყოველ წელს, 80 ქართველი სტუდენტი მიდის უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლებლად.
უნგრული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსით დაინტერესებული ერთ-ერთი პირველი სტუდენტი მარიამ მთივლიშვილი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობს. „ჩემთვის, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ენების შესწავლა. განსაკუთრებით საინტერესოა უნგრული ენა, რადგან სამომავლოდ, სწორედ ამ ქვეყანაში მსურს სწავლის გაგრძელება და ვფიქრობ, აღნიშნული კურსით უნივერსიტეტი ხელს მიწყობს ჩემი გეგმების განხორციელებაში,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.
2019 წლის ივლისში თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თსუ-ში უნგრული ენისა და კულტურის საკითხთა სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტში უნგრულ ენასა და კულტურას შეასწავლის უნგრეთის საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ინსტრუქტორი. ერთწლიანი სწავლების შემდეგ უნივერსიტეტი განიხილავს პროგრამის სათანადოობასა და კრედიტების სისტემასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას.