ირაკლი კობახიძე:  ერთერთი მთავარი მონაპოვარი, რაც  2012 წლის შემდეგ გვაქვს, არის პასუხისმგებლობა იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს

ირაკლი კობახიძე: ერთერთი მთავარი მონაპოვარი, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, არის პასუხისმგებლობა იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მისი ძლიერი მხარე იყო.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ტოქშოუ „SWOT ანალიზში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა, პირველ რიგში, პოლიტიკური კულტურის განვითარების კუთხით.

„ერთმნიშვნელოვნად იყო ძლიერი მხარე. პრაქტიკულად გადაწყვეტილება 20 ივნისს იყო მიღებული, თუმცა, საზოგადოებამ ამის თაობაზე 21 ივნისს შეიტყო. ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმ კუთხით, რომ ამით ჩვენ რაღაც წვლილი შევიტანეთ პოლიტიკური კულტურის განვითარებაში. პოლიტიკური კულტურა, რომელიც 2012 წლამდე ფსკერის დონეზე იყო, თანდათანობით ვითარდება და ბოლო წლების განმავლობაში ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გირგვლიანის საქმე და 2008 წლის ომის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არც კი უფიქრია გადადგომაზე და რომ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა, ისინი არაერთი წლის განმავლობაში შეძლებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას.

„წარმოიდგინეთ, რომ ხარ ხელისუფლებაში, გამოდიხარ ეიფორიიდან და უცბად აცნობიერებ, რომ შენს ნაბიჯებს, შენს პოლიტიკას შენს მოქმედებებს შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ასეულობით სოფლის დაკარგვა, ასეულობით ადამიანის დაღუპვა, რაც არანაკლებ მძიმეა, ვიდრე რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, 30 000 დევნილი, რომელიც საკუთარ სახლში ვეღარ ცხოვრობს, აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი მოჰყვა შენს ნაბიჯებს და შენს პოლიტიკას. არცერთ ადამიანს შემდეგი 4 წლის განმავლობაში - 2008 წლიდან 2012 წლამდე არც კი უფიქრია გადადგომაზე, არათუ არ უფიქრიათ, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი რომ არ შემოსულიყო და არ შეეცვალა ხელისუფლება, დემოკრატიული გარდატეხის შემოტანა პოლიტიკურ პროცესებში, ისინი კიდევ არაერთი წლის განმავლობაში შეძლებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას. გირგვლიანის საქმე არის ამის არაჩვეულებრივი მაგალითი. ჯერ ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ მისი დედა ირინა ენუქიძე სიკვდილამდე მიიყვანეს, სწორედ მათი გააზრებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და არცერთ ადამიანს არ უფიქრია ამის შემდეგ გადადგომა. ეს იყო პოლიტიკური კულტურა ბრჭყალებში 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რაც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, არის სწორედ პასუხისმგებლობა იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“.

„შეიძლება იდეალურ მოცემულობამდე არ ვართ მისული, მაგრამ კულტურა რომ რადიკალურად ამაღლებული და შეცვლილია, ეს დღესავით ნათელია. ეს აჩვენა თუნდაც იმ მოვლენებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო მთავარი პროკურორის გადადგომასთან, ჯერ არც კი იყო საკითხი შესწავლილი, უკვე ეჭვი გახდა საფუძველი იმისა, რომ ირაკლი შოთაძემ გადადგომის თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. იქ იყო შემდგარი დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში და არავის უფიქრია გადადგომა. აქ უკვე ეჭვი გახდა საფუძველი. ეს არის ეგრეთ წოდებული კეისრის ცოლის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ კეისრის ცოლი არა მარტო უპატიოსნო არ უნდა იყოს, არამედ მის პატიოსნებაში ეჭვიც არავის უნდა ეპარებოდეს. ამ პრინციპით მოქმედებს დღეს ხელისუფლება და ცდილობს, ეს პრინციპი ბოლომდე დაამკვიდროს.

სწორედ ამის გამოხატულება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე. მეც მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა იმ პოლიტიკური კულტურის განვითარებაში, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და კულტურას, თორემ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი გადაგორებადი იყო, რომ ჩავჭიდებოდი სკამს და ჩემი გუნდიც რომ ჩასჭიდებოდა სკამს. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება გუნდისთვისაც იყო ნაკლოვანებების შემცველი, იმიტომ რომ ნებისმიერი გადადგომა შეიძლება სისუსტედაც იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ერთმნიშვნელოვანი ყოველთვის არ არის ხოლმე პოლიტიკური რენტაბელობის კუთხით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. თუმცა, აქ ყველაზე მაღლა ჩვენ უნდა დაგვეყენებინა პოლიტიკური განვითარების ინტერესი და აქ მნიშვნელოვანი იყო პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა ვარიანტიც განიხილებოდა, მაგალითად, უფლებამოსილების შეჩერება კომისიის შექმნის პირობით და კომისია ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ რეალურად განზრახვა არ იყო იმის, რომ გავრილოვი ჩამჯდარიყო იმ სკამში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ასეც კი არ იმოქმედებდა წინა ხელისუფლება, ასეთი დილემა რომ დამდგარიყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური კულტურის ჩვენება და სწორედ ამის გამოხატულება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც ძლიერი მხარე და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობით გააგრძელოს საქართველოში ყველა ხელისუფლებამ მუშაობა, - განაცხადა კობახიძემ.